Tuesday, January 28, 2014

ოჯახური გარემო, ყრმობა-სიჭაბუკე

 ილიას მამა გრიგოლი ჭავჭავაძე დაბადებულა 1811 წელს.გრიგოლი თავისი ძმების მსგავსად ერთხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად,თუმცა მან 32 წლის ასაკში დაანება თავი სამხდერო სამსახურს,რადგან გრიგოლის სამივე უფროსი ძმა ომში დაიღუპა და  მათ გაუყიფელ ოჯახს სხვა პატრონი,გარდა გრიგოლისა,არა ჰყავდა.აღსანიშნავია,ამას გარდა,რომ გრიგოლის უფროსი ძმების შემდეგ, რომლებიც,როგორც ჩანს,ფართო,ხელგაშლილ ცხოვრებას ეწეოდნენ,დიდი ვალები დარჩენიათ,რამაც ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო.
გრიგოლმა,როგორც აღვნიშნეთ,სამხედრო სამსახურში მხოლოდ რამდენიმე წელიწადი დაჰყო,ხოლო მეტწილად იგი სოფელში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა.გრიგოლი თბილისთანაც არ წყვეტდა კავშირს,სადაც იზრდებოდნენ მისი შვილები.კერძოდ გრიგოლი არა იშვიათი სტუმარი ყოფილა თავისი მოგვარის,პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახისა.
მას შემდეგ,რაც ილიას მამა გრიგოლი სოფელში დასახლდა,მისი ცხოვრება ვერ მოეწყო ბედნიერად.გრიგოლს გარდაეცვალა ახალგაზრდა მეუღლე(1848 წელს) და წვრილშვილებზე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად.ამით იყო,ჩანს,გამოწვეული ის გულჩათხრობილობა,რომელიც დასჩემდა გრიგოლს.
ილიას მამამ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა,რათა შვილებს სათანადო განათლება მიეღოთ.გრიგოლმა,მიუხედავათ დიდი ხელმიკლეობისა,თავისი უფროსი ვაჟი კონსტანტინე,თბილისში სასწავლებლის დამთვარების შემდეგ,რუსეთში,მოსკოვის უნივერსიტეტში გააგზავნა განათლების მისაღებად.
ასევე,თავისი ხანმოკლე სიცოცხლი მანძილზე სწავლის გზაზე დააყენა თავისი უმცროსი შვილები.აღსანიშნავია,რომ გრიგოლი,სმხედრო კაცი თავის შვილებს ზრდიდა არა სამხედრო,არამედ სამოქალაქო სასწავლებლებში,და ეს მაშინ,როდესაც იმდროინდელი თავადაზნაურობა ასე ესწრაფვოდა სამხედრო სამსახურს.გრიგოლმა ასევე იზრუნა არამარტო ვაჟების განათლებაზე,არამედ თავის უფროს ქალიშვილსაც მისცა განათლება.
გრიგოლი შედარებით ახალგაზრდა კაცი, 41 წლისა,1852 წელს,გარდაიცავალა,როდესაც ილია 15 წლისა იყო და გიმნაზიაში სწავლობდა.
ილიას დედა - მარიამი თბილისელი მკვიდრი იყო,ბებურიშვილის ქალი,ასული კახეთის აზნაურის ქრისტეფორე ბებურიშვილისა.მარიამი დაბადებულა 1818 წელს.იგი სრულიად ახალგაზრდა გათხოვილა გრიგოლზე.
მარიამი ძველებურის წესით კარგად განათლებული ყოფილა ქართულ ენაზე.მარიამი ნათელი ბუნების ადამიანი ყოფილა,შესანიშნავი აღმზრდელი თავისი შვილებისა.
ილიას მშობლებს ექვსი შვილი ჰყოლიათ : კონსტანტინე,ნინო,ილია,ელისაბედი,თემური და სვიმონი.
ილიას უფროსი ძმა კონსტანტინე,რომელიც 1852 წელს მამას გაუგზავნია მოსკოვის უნივერსიტეტში შესასვლელად,მამის გარდაცვალების შემდეგ,ჩამობრუნებულა საქართველოში.იგი ჯერ სრულიად  ახალგაზრდა 22 წლისა მოუკლავთ ლეკებს 1854 წელს,როცა შამილის რაზმი თავს დაესხა წინანდალს და გაიტაცეს პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილის,დავითის სახლობა.კონსტანტინე კახეთიდან ტყვეების გამოსახსნელად წასულ მდევართა შორის ყოფილა და ლეკებთან შეტაკების დროს დაღუპულა.უმცროსი ძმა ილიასი,სვიმონი სრულიად მცირეწლოვანი გარდაცვლილა.მესამე ძმა ილიასი - თემური -გარდაცვლილა 1860 წელს,15 წლისა,როდესაც იგი პეტერბურგში კადეტთა კორპუსში სწავლობდა.ილიას  და -ძმებიდან შერჩნენ დები ნინო და ელისაბედი.
ილია ათი წლისა იყო,როდესაც 1848 წელს გარდაიცვალა ილიას დედა მარიამი,ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალი,30 წლისა.
ილიას მამამ, გრიგოლმა, ობლების აღზრდა მინდო მამიდა მაკრინეს.მაკრინემ,გათხოვილი ივანე არაგვის ერისთავზე,ამ დროს დაქვრივებული იყო.გრიგოლის თხოვნით,მაკრინე დაბრუნდა სამშობლო სოფელ ყვარელში და იტვირთა ობლების აღზრდა,რომელთაც ნამდვილი დედობა გაუწია.
ილიას დედა ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა, როდესაც 1845 წელს, 8 წლის ილია მშობლებმა მიაბარეს სოფლის საშინაო სკოლაში ადგილობრივ მთავართან. ილია მეთერთმეტე წელში იყო გადამდგარი,როდესაც მამამ 1848 წლის იანრისათვის ჩამოიყვანა იგი თბილისში სასწავლებელში შესაყვანად. ილია ამ პანსიონში სწავლობდა 1848-1851 წლებში. ილიამ პანსიონის პროგიმნაზიული კურსი დაამთავრა 1851 წელს და შემდეგ შევიდა გიმნაზიაში, სადაც იგი მე-4 კლასში მიუღიათ. ილია ახალშესული იყო გიმნაზიაში,როდესაც 1852 წლის 8 დეკემბერს გარდაეცვალა მამა ამის შემდეგ ილიას ოჯახი უკიდურეს მაერიალურ გაჭირვებაში ჩავარდნილა. გრიგოლის ძმის ვალების გამო ობლებს უსახლ-კაროდ დარჩენა ელოდათ თუმცა მამიდა მაკრინეს გამჭრიახობისა და თაოსნობის შედეგი იყო, რომ მან, ნათესავების დახმარებით, ობლების სახლ-კარი გადაარჩინა გაყიდვას და რომ ილიამ შესძლო სწავლის გაგრძელება.
თბილისის გიმნაზია, სადაც ილია სწავლობდა უძველესი საშუალო სასწავლებელი იყო თბილისში. გიმნაზიაში ილიასთან ერთად სწავლობდნენ მთელი რიგი მოწაფეები, რომლებიც შემდეგ იყვნენ ილიას თანამშრომელნი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე,ან მეგობრები: ნიკო ღოღობერიძე, დავით ყიფიანი, პეტრე ნაკაშიძე, რომელსაც ილიამ უძღვნა თავისი ,,ქართლის დედა” და ,,დიმიტრი თავდადებული”; ივანე პოლტარაცკი,რომელსაც ილია წინამძღვრიშვილთან ერთად - ილიამ უძრვნა ,,აჩრდილი”; დიმიტრი ყაზბეგი; კოხტა აფხაზი,ილიას თანშეზრდილი ამხანაგი და ნათესავი, ავტორი მოგონებებისა ილიაზე.
1856 წელს ილიამ დაამთავრა გიმნაზიის კურს, მაგრამ საბოლოო გამოცდები აღარ ჩაუბარებია და როდესაც 1857 წელს ილია გაემგზავრა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესასვლელედ სავალდებულო გამოცდები მან პეტერბურგში ჩააბარა უნივერსიტეტში შესვლისას.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,, თბილისი" 1957.

ისტორიული წარსულიდან

ილია ჭავჭავაძე დაიბადა  1837 წელს,27 ოქტომბერს,კახეთში,სოფელ ყვარელში.მწერლის წინაპარნი საქართველოს ამ მხარის - კახეთის - ძირეულნი მკვიდრნი იყვნენ.პოეტის სამშობლო სოფელი   ყ ვ ა რ ე ლ ი   მდებარეობდა ისტორიული საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების სადარაჯოზე.შემთხვევითი არაა,რომ სოფელ ყვარლის თავში,დაღესტნიდან მომავალი გზის ხაზზე,აღმართულია ძველი ციხე.ხოლო თვით ილიას სახლი ,სადაც დაიბადა პოეტი, ეს არის ძველებური კოშკი,მტრებისაგან თავდასაცავად აგებული.პოეტის სამშობლო ყვარელი გადმოჰყურებს საქართველოს მშვენებას  - ალაზნის ველს.მაგრამ ეს მშვენიერი ველი სამშობლოს ერთგულ დამცველთა წმინდა სისხლით არის მორწყული.საისტორიო წყაროებში  უძველესი ცნობა ჭავწავაძეების გვარის შესახებ ეკუთვნის ჯერ კიდევ იმ ხანას,როდესაც ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა არ იყო დარღვეული.ეს იყო ის ეპოქა,როდესაც საქართველო იშუშებდა იმ ჭრილობებს,რომელიც ჩვენს ქვეყანას თემურ ლენგის ბარბაროსულმა შემოსევებმა მიაყენა.თავდაპირველი სამკვიდრო ჭავჭავაძიანთა გვარისა,როგორც ირკვევა,ყოფილა კახეთის მთიულეთი,ახმეტა-მთიანეთის მხარე.ჭავჭავაძიანთ ერთ შტოს აქ ძველადვე,ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში,საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისაგან მიუღია თავადობა.ჭავჭავაძეთა სამოურავოს უძველეს ხანაში,როგორც ირკვევა,შეადგენდა ეს კუთხე,კახეთის მთიულეთი,ამიტომაც ჭავჭავაძენი ,,მთის კაცთა’’ სახელით მოიხსენიაბიან.
მე-16 საუკუნის დასაწყისს,კახთა მეფის ლეონ პირველის დროს,1529 წელს,ჭავჭავაძიანთა გვარის მთავარი შტო დამკვიდრებულა კახეთის გაღმა მხარეში,ყვარელ-შილდას მხარეში,კახეთისიმ სანაპიროზე,რომელიც იცავდა საქართველოს დაღესტნის მთიელთა შემოსევებისაგან.
ჭავჭავაძეთა ამ მთავარი შტოს სამკვიდროს შეადგენდა აგრეთვე გაღმა მხარის მეზობლად მდებარე საინგილოს - კახეთის ამ ძველი ისტორიული ნაწილის - სოფლები.ჭავჭავაძეთა გვარს ჰქონია სამკვიდრო საინგილოში თვით მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე.1726 წლის სიგელში ჭავჭავაძეთა გვარის სამკვიდროდ დასახელებულია საინგილოს სოფლები : ენგიანი,ყანდახი და მოსული.ამას გარდა ჭავჭავაძეთა გვარს ჰქონია ,,სახელო’’ საინგილოს ენისელში,რომელიც  საინგილოს მხარის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენდა.
ყვარელ-შილდას მხარე,სადაც მე-16 , მე-18 საუკუნეებში მკვიდრობდა ჭავჭავაძეთა  გვარის მთავარი შტო,წარმოადგენდა,როგორც მოვიხსენეთ,სანაპირო კუთხეს,რომელიც იცავდა კახეთს დაღისტანის მთიელთა შემოსევებისაგან,ხოლო საინგილო იყო გზა,საიდანაც აწარმოებდნენ კახეთზე შემოტევას როგორც დაღესტნელები,ისე ირანელები.საქართველოს საზღვრების ამ სადარაჯოზე მონაპირეობამ გამოიმუშავა ამ მხარის მკვიდრთა შეუდრეკელი რაინდული სული.
იმ ქარიშხლიან ეპოქაში,რომელსაც წარმოადგენდა საქართველოსათვის,და კერძოდ კახეთისათვის,მე-17 მე-18 საუკუნეები, ამ მხარის მკვიდრთ ჩვენ ვხედავთ სამშობლოსათვის თავდადებულ მებრძოლთა პირველ რიგებში.
ასე,მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში,როდესაც შაჰ-აბასმა აჰყარა კახეთი,და როდესაც თეიმურაზ პირველი ათეული წლების მანძილზე აწარმოებდა გმირულ ბრძოლას ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ,თეიმურაზის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელი ამ დროს ყოფილა გაღმა მხარის ,,შილდა-ყვარელის’’ ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენელი.
მე-18 საუკუნის 20-იან წლებში,როდესაც ქართლი და კახეთი ოსმალეთმა დაიპყრო,ვახტანგ მე-6 და ქართლის თავი კაცები რუსეთში გაიხიზნენ,ხოლო კახეთის მეფე კონსტანტინე პირველი და მისი ძმა თეიმურაზ მე-2 (ერეკლე მე-2-ის მამა) კახეთის მტიულეთში იყვნენ გამაგრებულნი,ამ უკანასკნელთ თან ახლდნენ ჭავჭავაძენი.
ამ დროს 1726 წელს გაცემულ ერთ სიგელში კახეთის მეფე კონსტანტინე პირველი წერს ჭავჭავაძეთა გვარის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ სამშობლოს წინაშე,რომ მათმა მამა-პაპამ არაერთგზის დასდო თავი ქვეყნისათვის,და რომ უკანასკნელ დროსაც,როცა ქვეყანას თურქები შემოესივნენ,მათ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს.
მამა-პაპანი თქვენნიო, - წერს ჭავჭავაძეთა შესახებ კონსტანტინე პირველი - ,,ერთგულებასა, სამსახურსა შინა აღსრულებულ იყვნენ,რამეთუ მრავალნი შრომანი და ჭირნი თავს ესხნეს ; და მრავალჯერ  ექსორია ქმნილ-იყვნეს უცხოთა ადგილთა და ქვეყანათა კურთხეულთა მათ-მამათა და პაპათა ჩვენთა თანა.ხოლო აქ რომელნიცა დაშთომილ იყვენით-შვილნი მათნი,უფროსნი მხასურებანი აღასრულენით რამეთუ არა ჰრიდეთ ხორცთა თქვენთა სიკვდილად….’’
ქვეყნისათვის ამ თავდადებაზე ჩვენ მოგვითხრობს არაერთი და ორი ხალხური ლექსი.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,,თბილისი" 1957.

შესავალი



ქართველი ერის უკვდავ მოღვაწეთა შორის ჩვენ გვინათებს შარავანდედით მოსილი სახე ილია ჭავჭავაძისა.ილია ჭავჭავაძე ცენტრალური ფიგურაა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოღვაწე აკაკი წერეთელი არიან დიდი ფუძემდებელნი ახალი ქართული მწერლობისა და ახალი ქართული სალიტერატურო ენისა.ილია ჭავჭავაძის სამწერლო მოღვაწეობა უაღრესად ფართო დიაპაზონისა,შეიძლება ითქვას - უნივერასლური ხასიათისა იყო.ილია არის შემოქმედი ბრწყინვალე შედევრებისა მხატვრული მწერლობის დარგში,როგორიცაა: ,,განდეგილი’’ და ,,კაცია-ადამიანი?!’’, ,,კაკო ყაჩაღი’’ და ,,გლახის ნაამბობი’’ , ,,ბაზალეთის ტბა’’ და ,,ოთარაანთ ქვრივი’’ , ,,აჩრდილი’’ და ,,მგზავრის წერილები’’ .
ილია ამავე დროს არის დიდი პუბლიცისტი,ასევე კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე,ისტორიკოსი,ეკონომისტი,სოციოლოგი,ღრმა მოაზროვნე.ილია არის ქართველი ერის დიდი განმანათლებელი.
ილია უდიდესი საზოგადო მოღვაწეა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოსი,ქართველი ერის დიდი მოჭირნახულე.ილია არის საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი ბელადი.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,, თბილისი" 1957.