ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს,27 ოქტომბერს,კახეთში,სოფელ ყვარელში.მწერლის წინაპარნი საქართველოს ამ მხარის - კახეთის - ძირეულნი მკვიდრნი იყვნენ.პოეტის სამშობლო სოფელი ყ ვ ა რ ე ლ ი მდებარეობდა ისტორიული საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების სადარაჯოზე.შემთხვევითი არაა,რომ სოფელ ყვარლის თავში,დაღესტნიდან მომავალი გზის ხაზზე,აღმართულია ძველი ციხე.ხოლო თვით ილიას სახლი ,სადაც დაიბადა პოეტი, ეს არის ძველებური კოშკი,მტრებისაგან თავდასაცავად აგებული.პოეტის სამშობლო ყვარელი გადმოჰყურებს საქართველოს მშვენებას - ალაზნის ველს.მაგრამ ეს მშვენიერი ველი სამშობლოს ერთგულ დამცველთა წმინდა სისხლით არის მორწყული.საისტორიო წყაროებში უძველესი ცნობა ჭავწავაძეების გვარის შესახებ ეკუთვნის ჯერ კიდევ იმ ხანას,როდესაც ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა არ იყო დარღვეული.ეს იყო ის ეპოქა,როდესაც საქართველო იშუშებდა იმ ჭრილობებს,რომელიც ჩვენს ქვეყანას თემურ ლენგის ბარბაროსულმა შემოსევებმა მიაყენა.თავდაპირველი სამკვიდრო ჭავჭავაძიანთა გვარისა,როგორც ირკვევა,ყოფილა კახეთის მთიულეთი,ახმეტა-მთიანეთის მხარე.ჭავჭავაძიანთ ერთ შტოს აქ ძველადვე,ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში,საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისაგან მიუღია თავადობა.ჭავჭავაძეთა სამოურავოს უძველეს ხანაში,როგორც ირკვევა,შეადგენდა ეს კუთხე,კახეთის მთიულეთი,ამიტომაც ჭავჭავაძენი ,,მთის კაცთა’’ სახელით მოიხსენიაბიან.
მე-16 საუკუნის დასაწყისს,კახთა მეფის ლეონ პირველის დროს,1529 წელს,ჭავჭავაძიანთა გვარის მთავარი შტო დამკვიდრებულა კახეთის გაღმა მხარეში,ყვარელ-შილდას მხარეში,კახეთისიმ სანაპიროზე,რომელიც იცავდა საქართველოს დაღესტნის მთიელთა შემოსევებისაგან.
ჭავჭავაძეთა ამ მთავარი შტოს სამკვიდროს შეადგენდა აგრეთვე გაღმა მხარის მეზობლად მდებარე საინგილოს - კახეთის ამ ძველი ისტორიული ნაწილის - სოფლები.ჭავჭავაძეთა გვარს ჰქონია სამკვიდრო საინგილოში თვით მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე.1726 წლის სიგელში ჭავჭავაძეთა გვარის სამკვიდროდ დასახელებულია საინგილოს სოფლები : ენგიანი,ყანდახი და მოსული.ამას გარდა ჭავჭავაძეთა გვარს ჰქონია ,,სახელო’’ საინგილოს ენისელში,რომელიც საინგილოს მხარის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენდა.
ყვარელ-შილდას მხარე,სადაც მე-16 , მე-18 საუკუნეებში მკვიდრობდა ჭავჭავაძეთა გვარის მთავარი შტო,წარმოადგენდა,როგორც მოვიხსენეთ,სანაპირო კუთხეს,რომელიც იცავდა კახეთს დაღისტანის მთიელთა შემოსევებისაგან,ხოლო საინგილო იყო გზა,საიდანაც აწარმოებდნენ კახეთზე შემოტევას როგორც დაღესტნელები,ისე ირანელები.საქართველოს საზღვრების ამ სადარაჯოზე მონაპირეობამ გამოიმუშავა ამ მხარის მკვიდრთა შეუდრეკელი რაინდული სული.
იმ ქარიშხლიან ეპოქაში,რომელსაც წარმოადგენდა საქართველოსათვის,და კერძოდ კახეთისათვის,მე-17 მე-18 საუკუნეები, ამ მხარის მკვიდრთ ჩვენ ვხედავთ სამშობლოსათვის თავდადებულ მებრძოლთა პირველ რიგებში.
ასე,მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში,როდესაც შაჰ-აბასმა აჰყარა კახეთი,და როდესაც თეიმურაზ პირველი ათეული წლების მანძილზე აწარმოებდა გმირულ ბრძოლას ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ,თეიმურაზის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელი ამ დროს ყოფილა გაღმა მხარის ,,შილდა-ყვარელის’’ ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენელი.
მე-18 საუკუნის 20-იან წლებში,როდესაც ქართლი და კახეთი ოსმალეთმა დაიპყრო,ვახტანგ მე-6 და ქართლის თავი კაცები რუსეთში გაიხიზნენ,ხოლო კახეთის მეფე კონსტანტინე პირველი და მისი ძმა თეიმურაზ მე-2 (ერეკლე მე-2-ის მამა) კახეთის მტიულეთში იყვნენ გამაგრებულნი,ამ უკანასკნელთ თან ახლდნენ ჭავჭავაძენი.
ამ დროს 1726 წელს გაცემულ ერთ სიგელში კახეთის მეფე კონსტანტინე პირველი წერს ჭავჭავაძეთა გვარის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ სამშობლოს წინაშე,რომ მათმა მამა-პაპამ არაერთგზის დასდო თავი ქვეყნისათვის,და რომ უკანასკნელ დროსაც,როცა ქვეყანას თურქები შემოესივნენ,მათ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს.
მამა-პაპანი თქვენნიო, - წერს ჭავჭავაძეთა შესახებ კონსტანტინე პირველი - ,,ერთგულებასა, სამსახურსა შინა აღსრულებულ იყვნენ,რამეთუ მრავალნი შრომანი და ჭირნი თავს ესხნეს ; და მრავალჯერ ექსორია ქმნილ-იყვნეს უცხოთა ადგილთა და ქვეყანათა კურთხეულთა მათ-მამათა და პაპათა ჩვენთა თანა.ხოლო აქ რომელნიცა დაშთომილ იყვენით-შვილნი მათნი,უფროსნი მხასურებანი აღასრულენით რამეთუ არა ჰრიდეთ ხორცთა თქვენთა სიკვდილად….’’
ქვეყნისათვის ამ თავდადებაზე ჩვენ მოგვითხრობს არაერთი და ორი ხალხური ლექსი.
წყარო : სახელმწიფო გამომცემლობა ,,თბილისი" 1957.
No comments:
Post a Comment